„რეზონანსი" - ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისისკენ მიექანება

საქართველო მოკლე დროში შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

მოსახლეობის პროტესტმა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მასობრივი სახე მიიღო. აქციები იმართება ყველგან, თუნდაც ამის საჭიროება არ იყოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  ენერგეტიკოსები და ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ჰესი ზიანს არ აყენებს გარემოს, ის აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მზარდია, მისი უზრუნველყოფა კი ვერ ხერხდება.

რეგიონებიდან პროტესტმა დედაქალაქშიც ჩამოაღწია. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დაუშვებელია, სვანეთში მოხდეს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ბუნებას აზიანებს.

ორიოდე დღის წინ დიდი შეხლა-შემოხლა იყო სვანეთში, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური გზაც კი გადაკეტა. რამდენიმე დღეში საპროტესტო აქცია იგეგმება ონში, შემდეგ კი - იმერეთში.

"ვუერთდებით საქართველოში უგუნური პროექტების განხორციელების წინააღმდეგ აქციებს, რომლებიც გვართმევს ძვირად ღირებულ ბუნებას. ვითხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ საკითხი ჩვენს მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფო ინსტიტუციები თითქმის ყველა ჰესი, რომელიც აშენდა, ან დაინგრა, ან ექსპლუატაციაში ვერ შევიდა ბოლომდე, რაც მეტყველებს, რომ გარკვეული პრობლემებია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განხილვის შემდეგ თუ დადგინდება, რომ მშენებლობა გასაჩერებელია, უნდა შეჩერდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით გულბანმა.

ჰესების მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს. ამას ენერგეტიკოსებიც ადასტურებენ. ენერგეტიკის განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დეპუტატ რეზო არველაძის თქმით, საქართველო დგას ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე და აუცილებელია, ჰესების საშუალებით დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა.

"საქართველოს ენერგეტიკული რესურსებიდან გააჩნია წყალი და ნახშირი. ნახშირი გარემოს როგორ აზიანებს ეს ვიცით. ამიტომ იგი უნდა ჩანაცვლდეს სხვა ენერგეტიკული რესურსით. როდესაც საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას, მან უნდა აწონ-დაწონოს, კონკრეტულ ადგილას მიმდინარე მშენებლობა უფრო მეტ ზიანს მოუტანს გარემოს, თუ მეტ სარგებლობას - ხალხს. როდესაც ჰესის პროექტირება ხდება, ცხადია, ის მავნე ზემოქმედება, რომელიც ამ ობიექტმა შეიძლება გარემოს მოუტანოს, ერთ მხარეს დაიდება, მეორე მხარეს იქნება ის სიკეთე, რომლითაც მთელი ქვეყანა ისარგებლებს.

თუ ჰიდროსადგური მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში უფრო მეტ ზიანს მოიტანს, თავისთავად ცხადია, არ უნდა აშენდეს. სწორედ ეს არის დამპროექტებლის მოვალეობა, რომ ისე შეარჩიოს მშენებლობის ადგილი, პრობლემა არ წარმოიქმნას. ისეთი ელექტროსადგურები, სადაც წყალი გვირაბების ან მილების საშუალებით მიედინება და არ არის დიდი მოცულობის წყალსაცავები, გარემოზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენს.

ვინც ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება, ისინი, უბრალოდ, აპროტესტებენ ყველაფერს. არავინ უყურებს მომავალს, დაგვჭირდება თუ არა ელექტროენერგია უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე დღეს ვიყენებთ და ა. შ. თადარიგი თუ არ დავიჭირეთ, ახლო მომავალში დიდი პრობლემა შეგვექმნება ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. უკვე დღეს ძალიან ბევრ ელექტროენერგიას ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. სამომავლოდ ამ ქვეყნებშიც გაიზრდება მოთხოვნა და შეიძლება, საერთოდაც ვერ შეძლონ ჩვენი მომარაგება", - განუცხადა "რეზონანსს" არველაძემ.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაიაც ეთანხმება მოსაზრებას ენერგეტიკული პროექტის განხორციელების აუცილებლობის შესახებ. თუ ჰესი ზიანს არ აყენებს გარემოსა და საზოგადოებას, იგი მისაღებია. მისი საშუალებით ქვეყანა ელექტროენერგიის ახალ წყაროს მიიღებს. ბოლო წლებში მოთხოვნა მუდმივად მზარდია როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა აიგოს ელექტროენერგიის გენერაციის ახალი სადგურები.

"თუ გარემოზე ზემოქმედების დასკვნა მისაღებია, ჰესის აშენებას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ხალხი ყოველთვის აპროტესტებს მსხვილმასშტაბიან პროექტებს. მაგალითად, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმ ჰესების აშენებას, რომლებიც დღეს გამართულად მუშაობს.

ენერგობაზრის მოცულობა იზრდება, რაც მოთხოვნის მატებასაც უწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას მთელ რეგიონზეც. მეზობელ ქვეყნებშიც მზარდია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა გვქონდეს ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყაროები, რომ არ აღმოვჩნდეთ მწვავე დეფიციტის წინაშე", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"