„ზოგიერთ კოსმეტიკურ ნაწარმში შემავალი ნივთიერებები ტოქსიკურია და ჯანმრთელობას აზიანებს“ - რატომ არ მოწმდება საქართველოში კოსმეტიკა

კოსმეტიკური ნაწარმი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები არა მარტო ქალებს, მამაკაცებს და ბავშვებსაც სჭირდებათ.

რამდენად სანდოა კოსმეტიკური ნაწარმი, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე იყიდება? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან კოსმეტიკურ საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება. ამ მტკივნეულ პრობლემაზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტს - თამარ გობეჯიშვილს ვესაუბრეთ:

-ქალბატონო თამარ, სად და როგორ უნდა დავადგინოთ იმ კოსმეტიკური ნაწარმის ხარისხი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება?

-სამწუხაროდ, ვერსად დავადგენთ, რადგან კოსმეტიკური საშუალებები ჩვენი სახელმწიფოს კონტროლის სფეროში არ შედის. ამ მიმართულებით ყველაზე მეტად მედია აქტიურობს და კვლევებსაც მედიის წარმომადგენლები აწარმოებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგები დამამშვიდებელი ნამდვილად არ არის: ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში აღმოჩნდა მძიმე მეტალები და მავნე ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მავნე ნივთიერებები აღმოჩენილი არა მარტო დიდების, არამედ ბავშვთა კოსმეტიკაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ლაბორატორიები, სადაც ჟურნალისტები კოსმეტიკურ ნაწარმს ამოწმებენ, აკრედიტებული არ არის და ჩვენ არ ვიცით, რა მეთოდოლოგიას იყენებენ ისინი.

-თქვენი ორგანიზაცია რატომ ვერ ახერხებს კოსმეტიკური პროდუქციის შემოწმებას?

-მიზეზი მარტივია: კოსმეტიკური საშუალებების ლაბორატორიული შემოწმება იმდენად ძვირი ჯდება, რომ ამას ვერც ერთი არსამათავრობო ორგანიზაცია ვერ შეწვდება. ამ შემთხვევაში რომელიმე ერთი ნივთიერების შემოწმებას აზრი არა აქვს, რადგან კოსმეტიკურ ნაწარმში მრავალი ნივთიერება შედის და თითოეული ამ ნივთიერების შემოწმება დამატებით თანხას მოითხოვს. ეს პროცედურა იმდენად ძვირი ჯდება, რომ პარფიუმერული ნაწარმის შემოწმება არც ერთ ლაბორატორიას არ უღირს. მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან - დაგვიცავს თუ არა კოსმეტიკის ბრენდულ მაღაზიაში შეძენა? - რადგან საქართველოში კოსმეტიკის ხარისხს არ ამოწმებენ, ცნობილი მაღაზიების მომხმარებელიც არ არის ბოლომდე დაცული.

-როგორ უნდა შევატყოთ, რომ კოსმეტიკა მოძველებული და ვადაგასულია?

-პარფიუმერიას და კოსმეტიკას თავისი სპეციფიკა აქვს, რის გამოც ვადა არც ერთ კოსმეტიკურ საშუალებას არ აწერია. საქმე ის არის, რომ ამ პროდუქციას ძალიან დიდი ხნის მოხმარების ვადა აქვს. არსებობს 2 ვადა - მინიმალური, როცა კოსმეტიკური საშუალება ინარჩუნებს იმ თვისებებს, რაც მწარმოებლის მიერ აქვს მინიჭებული და მაქსიმალური - ამ პერიოდში პროდუქტი თავის დადებით თვისებებს კარგავს, მაგრამ მავნე არ არის. ვთქვათ, სუნამო, ან ხელის კრემი დაკარგავს თავის პირვანდელ არომატს და ეფექტს, რაც თავიდან ჰქონდა. თუ კოსმეტიკური საშუალება მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ის თავიდანვე მავნეა, ვადაგასული კი, სულაც არ ნიშნავს მავნეს.

-ევროკავშირის ქვეყნებში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

-ევროკავშირშიც, კოსმეტიკური საშუალებების მიმართ არ არსებობს მკაფიო მოთხოვნა, რომ მოხმარების ვადები უშუალოდ ეტიკეტზე იყოს დატანილი. კოსმეტიკის მწარმოებელს არა აქვს ვალდებულება, რომ ვადა მიუთითოს. ცალკე პრობლემაა კოსმეტიკის მავნებლობა: ზოგიერთ პროდუქტში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლის გამოყენება ევროკავშირის კანონმდებლობით აკრძალულია. არის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, მაგრამ ნორმირებული უნდა იყოს. ევროპულ ქვეყნებში ძალიან ბევრი მავნე პროდუქცია აღმოაჩინეს და ადვილი წარმოსადგენია რა ხდება ჩვენთან, რადგან აქ კოსმეტიკური ნაწარმი საერთოდ არ კონტროლდება: მეწარმეს და დისტრიბუტორს რა პროდუქტიც უნდა, შეუძლია ის შემოიტანოს და გაყიდოს ისე, რომ მის შემადგენლობაზე არც იფიქროს.

-ქალბატონო თამარ, კონკრეტულად, რომელი მავნე ნივთიერებები შედის კოსმეტიკურ ნაწარმის შემადგენლობაში?

-ძალიან ბევრი მავნე ნივთიერებაა და მათი ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია: არომატიზატორები, პარაბენები და სხვა სახის ნაერთები, რომლებიც ძალიან ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში გვხვდება. ეს ნივთიერებები ალერგიულ რეაქციას იწვევს, კანს აშრობს, ზოგიერთი მათგანი კი კარცენოგენური და ტოქსიკურია, რის გამოც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოსახლეობა მოითხოვს კოსმეტიკური ნაწარმიც სახელმწიფომ გააკონტროლოს. ამ ყველაფერს ტექნიკური რეგლამენტი აწესრიგებს, მაგრამ კოსმეტიკაზე ასეთი რეგლამენტი არ არსებობს.

-გამოდის, რომ კოსმეტიკური ნაწარმის მომხმარებელი ყველაზე დაუცველია, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც გზა, მეთოდი, რომლითაც გადაამოწმებს, რას ყიდულობს?

-სამწუხაროდ, ასეა: უხარისხო სურსათის შეძენისას სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავ, კოსმეტიკურ ნაწარმს კი, არავინ ამოწმებს და არც ვიცით რა შემადგენლობისაა. თუმცა, არსებობს ერთი მარტივ ხერხი: მოგეხსენებათ, ყველა პროდუქტს აქვს თავისი შტრიხკოდი, რომელსაც მეწარმეები ვერ აყალბებენ.

არსებობს რამდენიმე საიტი, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის ვადა შეამოწმოთ. (ასეთი საიტებია მაგალითად: http://checkcosmetic.net/ ან http://www.checkfresh.com.) თუ შტრიხკოდის მიხედვით ინფორმაციას ვერ იპოვით, ეს ნიშნავს, რომ ფალსიფიცირებულ პროდუქტს ყიდულობთ. ამის გაკეთება დღეს ძალიან ადვილია: ტელეფონით შტრიხკოდის გადაღება და პროდუქტის წარმომავლობის გადამოწმება ყველას შეუძლია. გარდა ამისა, საკმაოდ ეფექტიანი გზაა, რომ თქვენი საჩივარი პირდაპირ მწარმოებელ ფირმას მისწეროთ, ფირმის წარმომადგენლები აუცილებლად გიპასუხებენ. ასე რომ, ცნობილი ფირმის კლიენტურა უფრო დაზღვეულია, რადგან ასეთი მცირე „მოკვლევის“ ჩატარება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

ხათუნა ჩიგოგიძე