აღმაშენებლის გამზირზე, „ვარდების ბაღში“, სამვარსკვლავიანი ეკო-სასტუმრო, რომელსაც ადგილობრივი ბრენდი Park Hotel მართავს, რამდენიმე დღეში გაიხსნება.
პროექტს უძრავი ქონების განვითარების კომპანია „მეიდან ჯგუფი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორი ქეთევან ხუროძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია და მისი გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.
„სასტუმროში სამშენებლო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა. ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. აპრილის ბოლომდე გაიხსნება და ტურისტებს მოემსახურება. სასტუმროს მმართველობაში ადგილობრივი ბრენდი Park Hotel იქნება. ეს ქვეყანაში Park Hotel-ის პირველი სასტუმროა“, - აღნიშნავს ხუროძე.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო სამსართულიანი იქნება, რომელშიც 54 ნომერი, შიდა ბარი, რესტორანი, სპა ცენტრი განთავსდება.
რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, თავდაპირველად პროექტისთვის 2 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. ქეთევან ხუროძის თქმით, სასტუმროს მოსაწყობად ჯამში 3 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.
Park Hotel თბილისში ერთ-ერთი პირველი ეკო-სასტუმროა, რომლის სახურავი მთლიანად ბალახით არის დაფარული. გარედან კი ხის მასალებით არის მოპირკეთებული.
ეკო-სასტუმროს გახსნა ორი წელია იგეგმება, თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.
თეონა კენჭიაშვილი