თუ ისინი წავლენ სასამართლოში, ჩვენც დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას "სითი პარკთან" დაკავშირებით.
როგორც კალაძე აცხადებს, "სითი პარკის" არგუმენტები საინტერესო არ არის.
"არ არის საინტერესო ეს საკითხი. ამაზე უკვე ვისაუბრე, გავაკეთე განცხადებები. თუ ისინი წავლენ სასამართლოში, ჩვენც შესაბამისად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. არ არის საინტერესო მათი არგუმენტები, ეს უნდა წარადგინონ სასამართლოში",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კომპანია "სითი პარკი" თბილისის მერიას ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო სასამართლოში უჩივის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას დედაქალაქის მერია ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპრილიდან უწყვეტს და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.