"ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით ჯერჯერობით პროცესი ზუსტად ისე მიდის, როგორც ვვარაუდობდით", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
კობა გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში არის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და ეროვნული ბანკი ამის შესაბამისად მოქმედებს.
„ინფლაციის ის ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული და ჩვენ ვამბობდით, რომ ინფლაცია შემცირებას დაიწყებდა. ასეც მოხდა. იანვარში, თებერვალსა და მარტში აღნიშნული მაჩვენებელი მიზნობრივზე ქვემოთაა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ლიმიტსა და ზღვარს. ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ყოველთვის ასე იყოს. ინფლაცია იქნება ზოგჯერ მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი, ზოგჯერ უფრო დაბალი, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის ახლოს იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან. ჯერჯერობით პროცესი ზუსტად ისე მიდის, როგორც ვვარაუდობდით. ვფიქრობთ, რომ ამ წელს ახლოს ვიქნებით 3%-იან მაჩვენებელთან რა თქმა უნდა, სხვა თანაბარ პირობებში. ყოველთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება მასზე გავლენა მოახდინოს", - განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, ამ ფონზე შესაძლებელია თუ არა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირდეს, კობა გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიიღებს.
„გავაანალიზებთ ბოლო ინფორმაციას, რომელიც იმ დროისთვის იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში ინფლაციის დონემ საქართველოში წინა თვესთან შედარებით -0,4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8% შეადგინა.