ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტერიტორიაზე ნერგების დარგვის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანაშვილმა განუცხადა.
ნათია იორდანაშვილის ინფორმაციით, შემოდგომამდე ტერიტორიის მომზადება მოხდება. მისივე განცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ ტყის აღდგენის პროექტი უკვე მომზადებულია და სამუშაოები აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
„ბორჯომის ხეობაში 2008 წელს და 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წელს იწყება. აპრილის თვეში ტერიტორიაზე უპირველესად ტერიტორიის გაწმენდის, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ეროზია საწინააღმდეგო და რიგ მონაკვეთებზე ნიადაგის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაიწყება, ხოლო, შემოდგომის სეზონზე - სექტემბრის შუა რიცხვებიდან ნერგების დარგვის სამუშაოები განხორციელდება.
ტყის აღდგენის პროექტის თანახმად, ტყის გაშენებას ნერგების დარგვით 250 ჰა ფართობი ექვემდებარება, ხოლო დანარჩენ ტერიტორიებზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განხორციელდება.
ნახანძრალ ტერიტორიაზე მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ გასული წლიდან იმუშავა. განხორციელდა კომპლექსური შესწავლები, მათ შორის გეოლოგიური, ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა და სხვა. შესწავლის შედეგებზე დაყრდნობითა და გასულ კვირას, ადგილზე განხორციელებული მორიგი საველე მონიტორინგის საფუძველზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიურ, რთულ და ხანგრძლივვადიან პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მხოლოდ პროექტის მიხედვით და მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანაშვილმა.