19 464 სატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური ინსპექტირება 5050-მა ვერ გაიარა, 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, 19 464 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან პირველ ჯერზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 14 280-მა გაიარა, 5050-მა (დაახლოებით, 25%) ვერ გაიარა, ხოლო 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა,

- აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში იმ 5050 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომლებსაც ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს 2678-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ კვლავ მიმართა, საიდანაც 101-ს ხარვეზი განმეორებით დაუდგინდა.

უწყების ინფორმაციით, შემოწმებული 19 464 ავტომობილიდან 4349 ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიული პირების მფლობელობაშია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხარვეზების უმეტესობა გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან მიმართებაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ. 2018 წლის 1-ლი ივლისიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ) შეეხებათ. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექტირებას საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი გაივლის.