"ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმ საწარმოებში, სადაც არის მომატებული რისკი,სადაც არის ალბათობა, რომ ადამიანი შესაძლოა დაზიანდეს, გადამოწმების შემდეგ, აუცილებლად სახელმწიფო მმართველი უნდა შევიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაცვლიშვილმა ისაუბრა მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც ექვსი მუშა ემსხვერპლა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით, ზოგადად ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი. პირველი, უნდა გაკეთდეს ის, რომ დაუყოვნებლივ ყველა მძიმე, მავნეპირობებიან სამუშაოებში და განსაკუთრებით სამთო მომპოვებელ სფეროში უნდა შევიდნენ, როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, ისე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტები. მეორე- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შევიდეს სახელმწიფო დროებითი მმართველი, რა თქმა უნდა, შრომით კოლექტივთან და თავად კერძო მფლობელთან ერთად. ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება, მანამდე კერძო მფლობელს არ უნდა გადაცეს ეს საწარმო სამართავად და მესამე- როდესაც სიტუაცია გამოსწორდება, შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ კერძო მფლობელს სამართავად. თუ შემდგომშიც განმეორდება ასეთი რამ, მაშინ შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საწარმოების ნაციონალიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ყველა ჩვენი მოქალაქის სიმდიდრე, ეს არის წიაღისეული, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის და თუ კერძო მეწარმეები მას სათანადოდ ვერ განკარგავენ, ასევე თუ არ შეუძლიათ, რომ უზრუნველყონ ადამიანების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გაარემო, მაშინ შესაბამისად ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ჭითაურაში არის სახელმწიფო მმართველი შესული ეკოლოგიური დარღვევების გამოსწორების მიზნით. ეკოლოგიური პრობლემებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პრობლემები. მაგრამ როდესაც საფრთხე დგება ადამიანის სიცოცხლის, ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმ საწარმოებში, სადაც არის მომატებული რისკი, სადაც არის იმის ალბათობა, რომ ადამიანი შესაძლოა დაზიანდეს, გადამოწმების შემდეგ, სახელმწიფო მმართველი უნდა შევიდეს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.