სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყავთ სატვირთო ავტომობილი მშენებარე კორპუსის სახურავზე. როგორც თვითმხილველი აცხადებს, ფაქტი კრწანისში მოხდა და სატვირთო ავტომობილი ერთი მშენებარე შენობის სახურავიდან მეორე შენობის სახურავზე გადაიტანეს.
აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებულ გაოცებას იმის ფონზე იწვევს, რომ სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე წელს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე გაზრდილი ჯარიმები დედაქალაქში უკვე წინა თვეში ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების შედეგად, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 30 000 ლარი გახდა; უნებართვო მშენებლობაზე, კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზარდა. კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება III და IV კლასს, დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას. ასევე, გაიზარდა საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, სანქციები III და IV კლასის ობიექტებზე 15 000 და 20 000 ლარით განისაზღვრა.