ირაკლი კოვზანაძე - საბანკო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები არსებულ გამოწვევებს პასუხობს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“განხორციელებული ცვლილებების მიმდინარეობას გაეცნო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში დღეს გაიმართა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც საბანკო-საფინანსო სისტემის მთელი რიგი საკითხების მოწესრიგებასა და სრულყოფას ისახავდა მიზნად. კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა ,,საბანკო ჰოლდინგისა“ და ,,საბანკო ჯგუფის“ ცნება; რეგლამენტირებული იქნა კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრაქტიკა; გაიმიჯნა საბანკო ჰოლდინგსა და საბანკო ჯგუფში შემავალი ინსტიტუტების მმართველობითი ორგანოების, მენეჯმენტის კომპეტენცია, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, დაიხვეწა და დაზუსტდა მიკროსაფინანსო და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი წესები.

„ამ პაკეტის დამტკიცებას წინ უსწრებდა მრავალთვიანი კონსულტაციები და პარლამენტის წიაღში საკმაოდ ღია, მწვავე და საქმიანი დისკუსიები, რომელშიც ჩართულები იყვნენ დეპუტატები, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა დაინტერესებული მხარეები. საბოლოო ჯამში, მიღებული კანონპროექტი პასუხობს საბანკო-საფინანსო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკანონმდებლო აქტის მიღება მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, შესაბამისად, ეროვნულ ბანკს დაევალა ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.

„ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, პარლამენტი კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახით მასზე ზედამხედველობას ახორციელებს. დღეს მიღებულმა ინფორმაციამ დამარწმუნა, რომ ეროვნული ბანკმა საკმაოდ დიდი მუშაობა გასწია ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.