„კონტრაბანდული თამბაქოს ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოდის“ - როგორ უნდა შევაჩეროთ სიგარეტის უკანონო შემოტანა საქართველოში

2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს აქციზის გადასახადი გაიზარდა - თითოეულ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 90 თეთრის ნაცვლად, 1,7 ლარი გახდა.

აქციზის გაზრდას სიგარეტის გაძვირება და ბაზარზე კონტრაბანდის მკვეთრი ზრდაც მოჰყვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს დაახლოებით, 61 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, 2017 წელს კი, ეს რიცხვი 557 600-მდე გაიზარდა.

შესაძლებელია თუ არა კონტრაბანდული თამბაქოს იმპორტის შემცირება? როგორც ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, როდესაც აქციზის გადასახადი იზრდება, ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება იაფი გზები გამოძებნოს მისთვის საჭირო პროდუქციის შესაძენად.

სოსო არჩვაძე

- 600 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ბიუჯეტში 2017 წელს შევიდა, ნამდვილად ღირდა აქციზის გადასახადის გაზრდად, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქციზის გადასახადის მატებას თამბაქოს ნაწარმის გაძვირება და კონტრაბანდის ზრდა მოჰყვა. ყველა სახელმწიფო ცდილობს გარე ფაქტორებისგან დაიცვას შიდა ბაზარი, ხოლო კონტრაბანდის მიზანი გარკვეული ჯგუფების ინტერესების უზრუნველყოფაა.

საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს მეზობელ ქვეყნებთან, სადაც აქციზის განაკვეთი ჩვენთან შედარებით დაბალია. მაღალი გადასახადი დამატებით სტიმულს ქმნის, რომ კონტრაბანდული ტვირთი დაიძრას და შემოვიდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც გადასახადი უფრო მცირეა. როდესაც აქციზი იზრდება, ეს ლამის გეომეტრიული პროგრესიით იწვევს კონტრაბანდის ზრდას. ვერავინ იტყვის, რომ ასეთ დროს რომელიმე სახელმწიფო 100%-ით დაიცავს თავის საზღვრებს. ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა მთავარი მაინც კონტრაბანდის მასშტაბებია და კიდევ: კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების ხარჯები არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე კონტრაბანდით მიყენებული ეკონომიკური ზარალი. ეს არის „ოქროს წესი“, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ. თუმცა, არის მეორე გზაც, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ შედეგს იძლევა - ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პროპაგანდაა“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე კი მიიჩნევს, რომ თამბაქოს კონტრაბანდას საქართველოში კატასტროფული მასშტაბები არ აქვს.

„კონტრაბანდული თამბაქოს ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში რუსეთიდან შემოდის - აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, თუმცა ამ პროცესს ორგანიზებული ხასიათი არა აქვს. სიგარეტი ძირითადად პატარა ჩანთებით და მანქანებით შემოაქვთ და ეს არ არის იმ მოცულობის კონტრაბანდა, რომ საგანგაშო იყოს. ჩვენი გათვლებით, კონტრაბანდულ თამბაქოს საქართველოში ბაზრის 2-3% უკავია. ყველაზე ცხელი წერტილები ამ მხრივ არის ზუგდიდი, ახალქალაქის და ახალციხის ტერიტორია, ნაწილობრივ, თბილისი და გორი.

სხვათა შორის, ამ რეგიონებში „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლის დროსაც 3 ათასამდე მწეველი გამოჰკითხეს და აღმოჩნდა, რომ არალეგალური ნაწარმი გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს აღმოაჩნდა. ყველაზე მეტი იყო აფხაზურ აქციზიანი სიგარეტი, მერე მოდიოდა რუსული და სომხური აქციზი, უაქციზო კი, ყველაზე მცირე რაოდენობით აღმოაჩინეს.

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენი მომხმარებელი სამეგრელოს ტერიტორიაზე აფხაზურ აქციზიან სიგარეტს ყიდულობს, ის სეპარატისტულ რეჟიმს და კრიმინალური დაჯგუფებებს აძლიერებს. საბაჟო სამსახური აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ვერ ჩადგება და ვერ გააკონტროლებს, რადგან ჩვენ აფხაზეთთან მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი გვაქვს. ამიტომ, როდესაც სადმე უკანონო პროდუქტი გამოჩნდება, საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უნდა ჩაერთოს და უკანონობა აღკვეთოს“, - აცხადებს ბახტურიძე.

მისივე თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან სიგარეტი კი შემოდის, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა.

„საზღვარზე 10 კოლოფი სიგარეტის გადმოტანა ისედაც კანონიერია, მაგრამ თუ ვინმე კანონით დაშვებულ ზღვარს გადასცდება, მას უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც სიგარეტი გადმოაქვთ, ჩამოართმევენ. აზერბაიჯანიდან სიგარეტი საერთოდ არ შემოაქვთ, რადგან იქ თამბაქოს ნაწარმი გაცილებით ძვირია, რაც შეეხება თურქეთს, იქ სიგარეტის ფასი სამჯერ მეტია და არავის მოუვა აზრად, რომ ჩვენთან შემოიტანოს. პირიქით, ჩვენგან გააქვს თამბაქოს ინდუსტრიას.

კონტრაბანდა ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ ჩვენთან მას არა აქვს ის მასშტაბები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. მართალია, თამბაქოს ინდუსტრია სურათს ხელოვნურად ამუქებს და აზვიადებს, მაგრამ მათ წინააღმდეგ მხოლოდ ერთ არგუმენტს მოვიყვან: როდესაც აქციზის გადასახადი 20 თეთრი ღირდა, მაშინ კონტრაბანდის დონე საქართველოში 75-80% იყო, ამიტომ მე ვერ დავეთანხმები, რომ აქციზის გადასახადის გამო კონტრაბანდა გაიზარდა. აქციზის გადასახადის მატება ჩვენი ვალდებულებაა ევროკავშირის წინაშე, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამ გადასახადის განუხრელ ზრდას ემხრობიან, ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ. ჩვენი საზღვრები კი, ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა უფრო კარგად უნდა დაიცვან და თუ ვინმე უკანონობას ჩაიდენს, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ - ეს არის ყველაზე საიმედო გზა კონტრაბანდული ნაწარმის შესაჩერებლად“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ.

ხათუნა ჩიგოგიძე