სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია Apple მუშაობს რამდენიმე ახალ ტექნოლოგიაზე, მათ შორის, სმარტფონის უკონტაქტო მართვაზე და სმარტფონებისთვის რკალისებურ ეკრანზე, რომელსაც დიდი ალბათობით iPhone-ის რომელიმე მოდელს მოარგებს.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, უკონტაქტო მართვის ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას მისცემს აამოქმედოს iPhone-ის რამდენიმე ფუნქცია ისე, რომ თითის შეუხებლად მხოლოდ ეკრანზე გადაატაროს. თუმცა წყაროს ინფორმაციით, თუ კომპანია ამ მიმართულებით საბოლოოდ გადაწყვეტს მუშაობას, მას ამისთვის სულ ცოტა ორი წელი დასჭირდება.
რაც შეეხება რკალისებურ ეკრანს, როგორც წყაროები სააგენტოს უყვებიან, ეს იქნება ბაზარზე არსებული ყველა სმარტფონისგან განსხვავებული მოდელი, ვინაიდან ის მიიღებს არა გადახრილ ეკრანს, არამედ რკალისებურს. „ამ ტექნოლოგიის დახვეწას კი კომპანია ალბათ, სამ წელს მოანდომებს“ - აცხადებენ ისინი.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ამ სიახლეებზე მუშაობა ჯერ საწყის სტადიაზეა და კომპანიამ შესაძლოა, მათზე უარი თქვას.
კოკა კვირკველია