ხანძრის შედეგად დამწვარ მთაწმინდის ფერდზე თვის ბოლომდე 3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება. ამის შესახებ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ მთაწმინდის ფერდზე გამწვანების სამუშაოები უკვე დაწყებულია და იქ ამჟამად 300-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე არის დარგული. კერძოდ, მისივე განცხადებით, ტერიტორია ტერასებად არის დაყოფილი და ტერიტორიის ათვისება ტერასების მიხედვით მიმდინარეობს.
„მთაწმინდის ხანძრის შედეგად დამწვარი ფერდის აღდგენის ვალდებულება თავისი ინიციატივით კომპანიამ „მ 2“ აიღო. ტენდერით შეირჩა კომპანია „ეროვნული საშენი მეურნეობა“, რომელიც კომპანია „მ 2“-ის კონტრაქტორია და ის შეასრულებს მთაწმინდის ფერდის აღდგენის ღონისძიებებს. თავად ფერდობის გამწვანების აღდგენისთვის კვლევა და პროექტი ბოტანიკური ბაღის ექსპერტებმა შეადგინეს. მთლიანი პროექტი ტერასების გაკეთებას და სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, რომელი ხე-მცენარეები რომელ ტერასაზე უნდა განთავსდეს და ასე შემდეგ. 24 მარტს დაიწყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გაშენება. აპრილის ბოლომდე 3 ათასი ხე დაირგვება. პარალელურად მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, რათა მოხდეს დარგული ხეების ზრდა-განვითარება. კომპანია „მ2“ თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ ის მოუვლის ამ ტერიტორიას და გაახარებს დარგულ ხე-მცენარეებს. სწორედ ამით არის განპირობებული ამ პროექტის შედგენა სარწყავი სისტემით, რაც ხე-მცენარეების გახარების მთავარი პირობაა, მით უფრო ფერდობის პირობებში“, – განაცხადა გიგაშვილმა.
მისივე თქმით, გამწვანების სამსახური მთაწმინდის ფერდზე დასარგავი მცენარეების შერჩევისა და პროექტის შედგენის პროცესში მონაწილეობდა.