1-მილიონიანი კაპიტალის გარეშე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ დარეგისტრირდებიან

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და პირობები დაამტკიცა. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 5 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ ახალი წესის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დასარეგისტრირებელად, ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, ეროვნულ ბანკს განცხადებით უნდა მიმართოს, რომელსაც თან რამდენიმე დოკუმენტიც უნდა ახლდეს.

მათ შორის, 1 მილიონი ლარის ოდენობით განაღდებული კაპიტალის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქციები ან წილი არ არის დაგირავებული რაიმე ვალდებულების უზრუნველსაყოფად; მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი); ინფორმაცია მფლობელობის ყველა დონის შესახებ, როგორც უშუალო, ისე შუალედური და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარების ჩათვლით; ინფორმაცია მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლების წარმომავლობის შესახებ და ა.შ.

ამასთან, როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოითხოვოს.

ბრძანების თანახმად, აღნიშნული წესი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

რაც შეეხება არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მოუწევთ.