ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია განაგრძობს ლიტვურ ენაში საქართველოს აუთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას.
საგარემო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან (Gruzija) ერთად.
„კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით და მოგვიანებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.
საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, რომელიც განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით. ასევე, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს - 2018 წლის 26 მაისს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.