10 აპრილიდან რუსეთი საკუთარ ბაზარზე ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოებულ პროდუქციას აბრუნებს. ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროში აზიურ ფაროსანას საკითხთან დაკავშირებით თათბირი ჩატარდა, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი, მისი მოადგილე ჯამბულათ ხატუოვი, „როსსელხოზნადზორის“ თავმჯდომარე სერგეი დანკვერტი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ.
„აფხაზეთის ხელისუფლებამ ადგილზე დროულად მოახდინა რაზმების მობილიზაცია, დაიწყეს შეგროვება, ქიმიური დამუშავება, ჩაატარეს მოსახლეობასთან დიდი მუშაობა. შეგროვებულია დაახლოებით 10,5 მილიონი ფაროსანა, რამაც ყანებში და პლანტაციებზე მისი გავრცელება შეაჩერა“, - განაცხადა მემცენარეობის, მცენარეების მექანიზაციის, ქიმიზაციის და დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა პეტრე ჩეკმარიოვმა.
„თათბირის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, მოიხსნას დროებითი შეზღუდვები და 10 აპრილიდან განახლდეს აფხაზეთის ტერიტორიიდან პროდუქციის შემოტანა“, - ნათქვამია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.