თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, Golden Tulip-ის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2018 წლის ბოლოს გაიხსნება.
როგორც პროექტის განმახორციელებელი საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სასტუმროს მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის დასრულდება და ეს იქნება დედაქალაქში Golden Tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო“, - აცხადებს ჯანაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 11 სართულიანი იქნება: „მასში 78 ოთახი, ტერასა რესტორანი, ტერასა ლაუნჯ-ბარი და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება“.
თბილისური Golden Tulip-ის სასტუმროს მშენებლობისთვის 12 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
საქართველოში Golden Tulip-ის მენეჯმენტით სასტუმრო უკვე გაიხსნა ბორჯომში. ასევე, აღნიშნული ბრენდის კიდევ რამდენიმე სასტუმროს გახსნა - თბილისში, თელავში, წყალტუბოში იგეგმება.
რაც შეეხება „ბლოკ ინვესტს“, საინვესტიციო კომპანია აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია თბილისში ერთდროულად რამდენიმე სასტუმროს პროექტზე მუშაობს, მათ შორის Park Inn by Radisson თბილისში და თაუერები ყაზბეგის გამზირზე.
თეონა კენჭიაშვილი