აბონენტებს ვადაგასულ დავალიანებებს ახდევინებენ

კომუნალური მომსახურების კომპანიები აბონენტებს უკანონოდ არიცხავენ ხანდაზმულობის ვადაგასულ დავალიანებებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა ”საქმეში” ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წარმომადგენელმა, გიორგი ფანგანმა ისაუბრა.

როგორც ფანგანი განმარტავს, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას, ბუნებრივ გაზს თუ სასმელ წყალს კომუნალური კომპანიისგან, ის შედის მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

გიორგი ფანგანის განცხადებით, სწორედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. 3 წელი აითვლება იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე შეიტყობს, რომ მისი უფლებები ირღვევა.

”როდესაც კომპანიამ შეიტყო, რომ რომლიმე აბონენტი არ უხდის დავალიანებას, რა თქმა უნდა, აქვს ბერკეტი, შეუწყვიტოს კომუნალური მომსახურება. თუ კომპანიამ ეს ბერკეტი მაშინვე არ გამოიყენა და აბონენტს მისცა შესაძლებლობა, რომ მისი მომსახურებით შემდეგ თვეებშიც ესარგებლა, სწორედ ის ვალი, რომელიც იმ დღიდან სამი წლის განმავლობაში დაგროვდება, იქნება ხანდაზმული დავალიანება,”- განმარტავს გიორგი ფანგანი.

ფანგანის განცხადებით, უკანონოა, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ კომპანია აბონენტს მომსახურებას უთიშავს ან გათიშვით ემუქრება, რადგან ეს ბერკეტი მას თავიდანვე უნდა გამოეყენებინა. ”შესაბამისად, როდესაც აბონენტს შეღავათის გაკეთებას ჰპირდებიან და დავალიანებას უნაწილებენ, ეს არის კანონდარღვევა, რადგან უკვე ხანდაზმულ ვალს ახდევინებენ”,- დასძინა ფანგანმა.

აბონენტთა დიდი ნაწილი კანონს ხანდაზმული დავალიანების შესახებ არ იცნობს და თანახმაა, კომუნალურ კომპანიებს, მაგალითად, "თელასს" დამატებით გაუფორმოს შეთანხმება უკვე ხანდაზმულობაგასული დავალიანების ეტაპობრივ დაფარვაზე. არადა, "თელასი" ვალდებულია, მსგავსი დავალიანება ჩამოაწეროს იმ აბონენტებს, რომელთაც წერილობით არ ჰქონდათ ვალი აღიარებული კომპანიის მიმართ. სავარაუდოდ, "თელასი" არ იქნება გამონაკლისი. დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიაში არსებობს დეპარტამენტი, რომელიც მომხმარებელთა საჩივრებს იხილავს.

მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე დეპარტამენმა უკვე განიხილა 342 განცხადება მოქალაქებსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის. ამ პერიოდში კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხის რაოდენობამ შეადგინა 146 349 ლარი. რაც შეეხება კონკრეტულად ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით სემეკში შესულ განცხადებებს, ამ ეტაპზე უკვე 73 განცხადება არსებობს.

ამ საკითხზე უფრო ვრცლად იხილეთ: გადაცემა ”საქმე”