შეერთებული შტატები არ მალავს, რომ ჩინეთთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკება სურს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონკრეტული შედეგები მოჰყვება და არა ისეთი, როგორიც ადრეც არაერთხელ ჰქონია.
ეს ინფორმაცია „როიტერსს“ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა, რომელმაც სააგენტოსგან ანონიმურობის დაცვა ითხოვა.
წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისეთი მოლაპარაკებები სურს, რომლებსაც რეალური შედეგები მოჰყვება და არა ისეთის, რომლებიც ჩინეთის მხრიდან არ შესრულდება. სანამ მოლაპარაკების თაობაზე მხარეებს შორის კონსულტაციებიც არ ჩატარებულა, ტრამპმა ვაჭრობის დეპარტამენტს რეკომენდაცია მისცა, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე, დამატებით 100 მილიარდი დოლარის ტარიფები შეიმუშაოს.
ტრამპს სურს, ჩინეთთან ვაჭრობის თემა იმ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენოს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მრავალი წლის განმავლობაში არსებობს. პრეზიდენტი ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ჩინური მხარე უკანონოდ ცდილობს ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების დაუფლებას, რისთვისაც უცხოურ კომპანიებს, ჩინეთში მუშაობისთვის უსამართლო მოთხოვნებს უყენებს.
„ჩვენ ჩინეთთან სხვადასხვა ფორუმზე გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებზეც ჩინეთმა არაერთი ვალდებულება აიღო, მაგრამ ისინი არ შეუსრულებია“, - ამბობს „როიტერსის“ წყარო და დასძენს: „ჩვენ ამ პრაქტიკის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ. პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანი არ არის სავაჭრო ომის დაწყება. ჩვენ უბრალოდ, ორმხრივ სამართლიან ურთიერთობას ვემხრობით და მიმართულებით, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ“.
ინფორმაციის წყარო ასევე აზუსტებს, რომ ჩინეთმა არსებული სიტუაციის შეცვლის პირობა შვიდჯერ დადო, მაგრამ ისინი არ შეუსრულებია. ჩინეთში მოქმედი კანონით, უცხოურ კომპანიებს ამ ქვეყანაში მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ადგილობრივ კომპანიებთან ერთობლივ საქმიანობას ეწევიან. ამ პროცესში კი ისინი იოლად ახერხებენ იმ ინტელექტუალური საკუთრების ათვისებას, რომლებსაც უცხოური კომპანიები ერთობლივ საწარმოებში იყენებენ.
„ეს პრეზიდენტი მსგავსი ქმედებების მოთმენას არ აპირებს. და თუ იმ გზით, რომელზეც ვდგავართ, მოლაპარაკების საფუძველს შევქმნით, ეს ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს "როიტერსის" წყარო.