გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი ინიციატივით გამოდის, საქართველო და სომხეთი ე.წ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანონ, რათა თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებების დამუშავების პროცესი დაჩქარდეს, - იუწყება „დოიჩე ველე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შტეფან მაიერის თქმით, საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა დიდია, თუმცა დადებით პასუხს ცოტა მათგანი იღებს.
„საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებას სავსებით მიზანშეწონილად ვთვლი, მით უმეტეს იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა ამას უპირობოდ მხარს უჭერს“, - აღნიშნა მაიერმა.
მიგრაციისა და დევნილების საკითხებში ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს თავშესაფრის მოპოვების უფლებაზე განცხადება საქართველოს 3462-მა და სომხეთის 3857-მა მოქალაქემ შეიტანა. 2018 წლის დასაწყისში, ვიდრე გერმანიის სამთავრობო კოალიცია შეიქმნებოდა, გერმანიის წამყვანი პარტიები შეთანხმდნენ, „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში, სადაც დეპორტაცია გამარტივებული წესით ხდება, შეეყვანათ ალჟირი, მაროკო და ტუნისი.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, 2014 წლის სექტემბერში ამავე ქვეყნების სიაში შევიდა სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგრო.