კომპანია Apple მის სამოდელო ხაზში ახალი შეფერილობის სმარტფონს წარმოადგენს, ეს იქნება წითელი iPhone 8 და 8 Plus.
ამ ფერის სმარტფონის გამოშვება არის კომპანიის შიდსის წინააღმდეგ მებრძოლ კომპანიასთან RED-თან თანამშრომლობის შედეგი, რომელიც თავის მხრივ, აქტიურ კამპანიას აწარმოებს აფრიკაში აივ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოცემა MacRumors-ის ინფორმაციით, მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე კომპანია დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრებს და დასძენს, რომ სმარტფონის წინასწარი გაყიდვები დღეიდანვე დაიწყება, თუმცა ვერ აკონკრეტებს, „გაწითლდება“ თუ არა კომპანიის საფლაგმანო ყველაზე ძვირადღირებული მოდელი iPhone X.
Apple-მა სპეციალური RED ხაზის გამოშვება სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის, iPod-ებზე, iPad-ებზე, რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ხოლო გასულ წელს პირველად წარმოადგინა წითელი შეფერილობის iPhone 7.
Product Red 2006 წელს ჯგუფ U2-ს სოლისტის ბონოსა და ONE Campaign-ის აქტივისტის ბობი შრივერის მიერ დაფუძნდა. ისინი მოუწოდებენ სხვა კერძო კომპანიებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აფრიკულ ქვეყნებში: განაში, კენიაში, ლესოთოში, რუანდაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სვაზილენდში, ტანზანიასა და ზამბიაში აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კოკა კვირკველია