"არაბთა გაერთიანებული საემიეროებიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 800 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა"

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მყარი სამართლებრივი საფუძველია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. 2017 წლის მონაცემებით, ის განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სიდიდით მე-7 იყო. პირველი ინვესტიცია საემიროებიდან 2003 წელს განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ჯამში, აღნიშნული ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ძალაში 8 აპრილს შევიდა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა არადისკრიმინაციულობა, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, სუბროგაცია, ექსპროპრიაცია და დავის მოგვარების მექანიზმები.