„მოსკოვის ბირჟაზე“ რუბლი დოლარისა და ევროს მიმართ უფასურდება. ორშაბათის სავაჭრო დღის განმავლობაში დოლარის ფასმა 60 რუბლს გადააბიჯა, რაც გასული წლის 16 ნოემბრის მაქსიმუმი იყო, ხოლო ევროს ფასი 74 რუბლია, რაც 2016 წლის 4 აგვისტოს მაქსიმუმია.
როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, რუბლის დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის მხრიდან რუსული კომპანიებისა და რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებთან, ასევე სირიის ირგვლივ სიტუაციის გამწვავებასთან.
შეგახსენებთ, რუსი ბიზნესმენებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების მიმართ სანქციები აშშ-მ პარასკევს მიიღო. ჩამონათვალში მოხვდა 12 კომპანია და 17 კერძო პირი, ასევე ერთი იარაღით მოვაჭრე კომპანია და მასთან დაკავშირებული ბანკი. აღნიშნული სანქციების ამოქმედება მოხდა 2018 წლის იანვარში შედგენილი „კრემლის სიის“ მიხედვით. როგორც დასავლური მედია წერს, ეს არ არის დასასრული და აშშ უახლოს მომავალში დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკვე სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან არის დაკავშირებული. დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ამის გამო რუსეთს „მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“.
კოკა კვირკველია