ლაქშერი კლასის სპორტული ავტომობილების სეგმენტში Bugatti-ის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ ბრენდის ავტომობილები არა მხოლოდ ვიზუალურად გამოირჩევიან ყველასგან, არამედ ექსკლუზიურობითაც და ფასითაც.
100 წლის კომპანია, რომელსაც წარსულში ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა, დღეს წარმატებულ სვლას აგრძელებს გერმანული Volkswagen Group-ის მფლობელობაში და სტეფან ვინკელმანის ხელმძღვანელობით, რომელიც მანამდე Audi Sport-ისა და Lamborghini-ის მმართველად მუშაობდა.
კომპანიის ხელმძღვანელს გამოცემა Business Insider-ი ესაუბრა, რომელმაც Bugatti-ის კლიენტების დემოგრაფიაზე ისაუბრა. ვინკელმანის განცხადებით, Bugatti იშვიათი ავტომობილების კლასშია და მისი ბოლო მოდელი Chiron, რომლის ფასი 3 მილიონი დოლარიდან იწყება, უკვე პრაქტიკულად ამოყიდულია, ამ დროისთვის გაყიდულია დაგეგმილი წარმოების 500 მოდელიდან 300.
ვინკელმანმა ავტომობილების მყიდველებზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, ესენი არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებმაც სიმდიდრე თავისით, დამოუკიდებლად მოიპოვეს, ისინი უმეტესად არიან კაცები და გეოგრაფიულად არიან ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მისივე თქმით, ამ ადამიანების უმეტესობას Bugatti-ის გარდა, საკუთრებაში ასევე ჰყავთ 30-მდე ავტომობილი, აქვთ იახტები, კერძო თვითმფრინავები და მდიდრული სახლები.
მისივე თქმით, ეს ადამიანები სიცოცხლით ტკბებიან და კარგად აქვთ შეგნებული, თუ რატომ ყიდულობენ ამ ტიპის ავტომობილს. ვინკელმანის აზრით, მისი კლიენტები ბიზნესში ძალიან წარმატებული ადამიანები არიან, გააჩნიათ კარგად გააზრებული ინსტინქტი შენაძენში ღირებულების აღმოსაჩენად.
ვინკელმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ს სახელთან დაკავშირებულია სისწრაფის რეკორდი, მყიდველები მისი შეძენისას სიჩქარეზე ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ და თავად კომპანიაშიც ამ ჰიპერავტომობილის შექმნისას მთავარ ამოცანად არ ისახავენ მის ძალისმიერ პერფომანსს.
ამავე ინტერვიუში ვინკელმანმა მის სამუშაო გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდიდრების ბაზარზე მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან საქმე გაქვს სიძვირესთან და ლიმიტირებულ რაოდენობასთან. შესაბამისად, მას სჯერა, რომ ამ ბაზარზე მთავარია ბრენდის იმიჯის მშენებლობა, ვიდრე თავად პროდუქტზე მუშაობა.
კოკა კვირკველია