”ქამრების შემოჭერა” - ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

”მცირე ბიზნესის პრობლემებს ვერც 46 მილიონი უშველის და ვერც - 146”...

პროგრამამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ახლახან გააცნო, დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი სახელწოდებაა - "აწარმოე საქართველოში” და ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია, საიდანაც 30 მილიონი სასოფლო-სამეურნეო, ხოლო 16 მილიონი - ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე დაიხარჯება. პრიორიტეტულ დარგად ქვეყნის მთავრობის მიერ კვლავ სოფლის მეურნეობაა აღიარებული.

ინიციატივის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, ხოლო მის განხორციელებას მთავრობა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მეშვეობით აპირებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობა ხელს შეუწყობს ყველა მეწარმეს, რომელიც ახალი საწარმოს შექმნას გადაწყვეტს. ინიციატივა - "აწარმოე საქართველოში" - 1 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა ივნისის შემდეგაც შეიძლება. პროგრამის ზოგიერთი პუნქტის შესაფასებლად BPN ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, რა შედეგს მოუტანს ქართულ ეკონომიკას ამ პროგრამის განხორციელება?

- ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ამ 46 მილიონით საქართველოში მცირე ბიზნესის აყვავება მოხერხდება, ბუნებრივია, ამ მიზნის მისაღწევად 46 მილიონი მიზერული თანხაა, რადგან მისი მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე ათეული ახალი საწარმოს ამუშავებას შევძლებთ. არასწორია იმის მოლოდინიც, რომ ვინც ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს, მაშინვე მივა და სესხს აიღებს, რომ სტარტაპები ყველგან დაფინანსდება. ამ თანხით შეიძლება საქართველოში 30, ან 40 ახალი საწარმო გაიხნას, რომელიც კონრეტულ სეგმენტზე იქნება მიმართული. შესაბამისად, ეს პროგრამაც რამდენიმე საწარმოს სტიმულირებას ითვალისწინებს. პროგრამა მიზნად არ ისახავს მცირე ბიზნესის პრობლემის გადაწყვეტას საქართველოში, რადგან ამ საქმეს ვერც 46 და ვერც 146 მილიონი ვერ უშველის. ეს არის მცირე მასშტაბის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამდენიმე საწარმოს წახალისებას და ფინანსურ მხარდაჭერას შეძლებს.

-პრემიერ-მინისტრის თქმით, მსურველებს სიმბოლურ ფასად, ანუ 1 ლარად, გადასცემენ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს და სხვა შეღავათებსაც გაუწევენ.

- ბუნებრივია, არის ამაში რაღაც რაციონალური, მით უმეტეს, მსგავსი პრაქტიკა დასავლეთის მრავალ ქვეყანაში არსებობს: სულაც არ არის ცუდი, რომ საწარმო, რომელსაც სახელმწიფო ისედაც ვერ იყენებს, მეწარმეს სიმბოლურ ფასად გადაეცეს. მერე კი, ეს საწარმო პროდუქციის წარმოებას დაიწყებს და ხალხს დაასაქმებს. მოგეხსენებათ, ბიზნესის დაწყების მხრივ საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში, მაგრამ მისი განვითარების თვალსაზრისით არც თუ ისე წარმატებული პოზიციები გვაქვს. გარდა დაწყებისა, სახელმწიფომ სხვა პირობებიც უნდა შეასრულოს: არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის მიყვანა ახალ საწარმომდე, ასევე საყურადღებოა, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას. ამის კარგი მაგალითია ის, რომ შარშან აჭარის რეგიონში საკმაოდ დიდი რაოდენობის ციტრუსი მოიწიეს, მაგრამ პროდუქციის რეალიზაცია ვერ შეძლეს და მოსავალი მთლიანად იზარალეს. საერთოდ, ფერმერის საქმე პროდუქციის მოყვანაა, რეალიზაცია მისი საქმე არ არის, მაგრამ ეს პრობლემა ქართველი ფერმერების წინაშე მუდმივად დგას და შეიძლება დადგეს იმ ახალი საწარმოების წინაშე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნება: შეიძლება საწარმომ გამოუშვას პროდუქცია, მაგრამ მისი რეალიზაცია ვერ შეძლოს. ამიტომ, ბიზნესს სჭირდება დახმარება, რომ მოწეული პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრები ჰქონდეს და სწორი მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშაოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ბიზნესი ამუშავდეს, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლოს. ყველას კარგად გვახსოვს მწარე გამოცდილება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მივიღეთ: გაიხსნებოდა საწარმო, რაც ძირითადად არჩევნებამდე ხდებოდა და რამდენიმე თვეში იხურებოდა. რამდენად სწორად დაიცავს ხელისუფლება პროგრამის თითოეულ კომპონენტს, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი წარმატება-წარუმატებლობის საკითხს.

- როგორ შეაფასებდით იმის შესაძლებლობას, რომ იმპორტით დაკავებული ბიზნესმენები მომავალში ექსპორტზე გადაერთონ?

- მე მაინც მგონია, რომ ეს პრემიერის გამოსვლის პოპულისტური ნაწილი იყო, რომელიც უფრო წინასაარჩევნო პიარზე გახლდათ გათვლილი. ილუზიაა ისიც, რომ საწარმოებმა, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება, ექსპორტზე უნდა იმუშაონ. ვფიქრობ, რომ მათი საქმიანობა სწორედ შიდა ბაზარზე უნდა იყოს ორიენტირებული. 27 ივნისის შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად სხვა მოცემულობის წინაშე დადგება - ევროპული ბაზრები სულ სხვა მოთხოვნებით ხასიათდება, ამიტომ, თუ ეს საწარმოები შეიქმნება, ისინი სწორედ ქართული ბაზრის მოთხოვნებს უნდა მოერგონ, მით უმეტეს, რომ ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის 70 პროცენტი უცხოეთიდანაა შემოტანილი. საქართველოში ნამდვილად არის იმის პოტენციალი, რომ ადგილობრივი ნაწარმით იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება მოვახერხოთ. მე მგონი, არ ღირს, რომ უცხოეთზე გვეჭიროს თვალი, სადაც სულ სხვა სტანდარტებია, თანაც, ევროპულ ბაზარზე შეღწევა არც ისე ადვილია.

დასასრულ, მე ვისურვებდი, რომ მთავრობამ, რომელიც სოლიდურ თანხას ხარჯავს პრემიებსა და სახელფასო დანამატებში, ეს თანხა სწორედ ამ ტიპის პროგრამებისაკენ მიმართოს. ხელისუფლება ამბობს, რომ საკმარისი თანხა არა აქვს, მაგრამ ადამიანს რაც აქვს, ის მაინც უნდა გამოიყენოს გონივრულად. ვისურვებდი, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად გადანაწილდეს და ქართული ბიზნესის ხელშესაწყობად 46-მილიონიანი კი არა, 300-400 მილიონიანი ფონდი შეიქმნას. დამერწმუნეთ, დღეს საქართველოს ბიუჯეტს ამის საშუალება ნამდვილად აქვს, ოღონდ - სამთავრობო ხარჯების შემცირებისა და ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გატარების შემთხვევაში.

ხათუნა ჩიგოგიძე