„ფორდის“ შეფმა ჯიმ ჰეკეტმა $16.3 მლნ დოლარი ანაზღაურება მიიღო

„ფორდ მოტორის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ჰეკეტმა ხელფასის, ბონუსების და აქციების სახით, გასულ წელს შესრულებული სამუშაოსთვის, ჯამში 16.3 მილიონი დოლარი მიიღო.

ეს იმ დროს, როცა წინა წელთან შედარებით, კომპანიის მოგება გადასახადის გადახდამდე, 1.9 მილიარდი დოლარით შემცირდა.

საპენსიო და სხვა შეღავათების დამატებით, ჰეკეტის ანაზღაურება სულ 16.7 მილიონ დოლარს აღწევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰეკეტმა ეს პოსტი გასული წლის მაისში ჩაიბარა. მის წინამორბედ მარკ ფილდსს დაახლოებით 15 მილიონი დოლარი ერგო. სულ კი საკომპენსაციო თანხის ჩათვლით, მისი ანაზღაურება 21 მილიონ დოლარს აღწევს.

„ფორდის“ მოგებამ გადასახადის გადახდამდე 8.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წელს კომპანიამ 10.3 მილიარდი დოლარი მიიღო. კლების მიუხედავად, თავის ყოფილ და ახლანდელ მთავარ აღმასრულებლებს ცისფერმა ოვალმა 37 მილიონი დოლარი გადაუხადა. ჰეკეტი „ფორდის“ მმართველად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კომპანიის აქციების ფასის კლება ვერ შეჩერდა.

„ფორდმა“ ასევე გამოაცხადა, რომ მისმა აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა ჯამში 13 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინ წლის ხელფასზე 17 პროცენტით მეტია. გარდა ამისა, მასვე საპენსიო განაკვეთის სახით, 1.2 მილიონი დოლარი გამოეყო.