თბილისის მერია „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს

დედაქალაქის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს. კონკურსის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, წელს ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 2018 წლის 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს თუმცა, გვინდა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ამიტომ, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის - ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს „მეტრომანის“ ესკიზის გამოგზავნა 24 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. დიზაინის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას უნდა ასახავდეს. შემოსულ ესკიზებს კომისია შეაფასებს და 25 აპრილს 10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს.

გამარჯვებული ავტორის ვინაობა 5 მაისს, მეტროსადგურ „რუსთაველში“ გახდება ცნობილი, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა. შერჩეული ესკიზის ავტორი სიმბოლურ ჯილდოს მიიღებს, ხოლო მისი მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი „მეტრომანი“ იმავე დღეს ჩაეშვება გაყიდვაში.