თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, კომპანია „სითი პარკიდან“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 102 თანამშრომელი გადმოვიდა, რომლებთანაც ხელშეკრულებები დღეს გაფორმდება.
მისივე თქმით, ჯამში პარკირების სისტემის ადმინისტრირებაში 140-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული.
“სითი პარკის“ 145 თანამშრომლიდან 102-მა გამოხატა სურვილი, რომ ჩვენთან გადმოსულიყო. დღეს მიმდინარეობს ტრენინგი და უფორმდებათ შესაბამისი ხელშეკრულებები. 102 ადამიანიდან 72 კონტროლიორია, 10 ევაკუატორის მძღოლი, 10 დამხმარე და ასევე ოფისის თანამშრომლები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
„ვინაიდან თავიდან გაწერილი არ იყო, რომ ჩვენი სამსახური ამ ფუნქციას შეიძენდა, ბიუჯეტი წლის ბოლომდე შეთანხმებული იყო, თუმცა ტექნიკური აღჭურვილობისა და საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება და ის 4 მილიონ ლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.