პირები, რომლებიც საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ახორციელებენ, 11 აპრილიდან სებ-ის მიერ გაცემულ ლიცენზიას უნდა ფლობდნენ

2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება გახდა ლიცენზირებული საქმიანობა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, 2018 წლის 11 აპრილიდან ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას ფლობდნენ.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები.