აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შენელებამ ნავთობი გააძვირა

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის გამოსვლის შემდეგ, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომის საშიშროება განელდა, რამაც ბაზრები, მათ შორის ნავთობის ბაზარი გამოაცოცხლა.

შავი ოქროს ფასი ერთ პროცენტზე მეტით გაიზარდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ სავაჭრო ომის განელების ფონზე, ინვესტორებს იმის იმედი გაუჩნდათ, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი არ შენელდება და აქედან გამომდინარე, ნავთობზე მოთხოვნა არ დაიკლებს.

მაგრამ ზრდა მაინც შეზღუდულია, რადგან ნავთობის ბაზარზე მიწოდება კვლავ ჭარბია. ასეთ სიტუაციაში, ამ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს ორი მიზანი აქვთ - შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანი ფასები და იმავდროულად, ბაზარზე საკუთარი წილი არ შეუმცირდეთ.

შექმნილ სიტუაციაში, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 96 ცენტით, ანუ 1.4 პროცენტით გაიზარდა და 69.62 დოლარს მიაღწია. პარალელურად, დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა 89 ცენტით, ანუ იმავე 1.4 პროცენტით მოიმატა და 64.31 დოლარს მიაღწია. ცნობისათვის, პარასკევს შავ ოქროზე ფასები დაახლოებით 2 პროცენტით შემცირდა, რაც სავაჭრო ომის საშიშროების მატებამ გამოიწვია. თუმცა გუშინ ფასები ამდენივეთი გაიზარდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკას უცხოელი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო გახსნის და იმპორტის ტარიფებს შეამცირებს. ეს კი ის პირობაა, რომელსაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობის განელება შეუძლია.

სავაჭრო დაძაბულობის გარდა, ნავთობის ბაზარზე გავლენას ის ფაქტორიც ახდენს, რომ შეერთებული შტატები ნავთობის მწარმოებელ ზოგიერთ ქვეყანაზე, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ვენესუელა, სანქციების განახლებას აპირებს.