„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზება წარმოუდგენელია უკრაინის ტრანზიტის მომავლის განსაზღვრის გარეშე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მერკელის განცხადებით გერმანიას მნიშვნელოვნად მიაჩნია გაზის უკრაინის ტერიტორიის გავლით მიწოდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის პრეზიდენტთანაც და გავაცანით მას უკრაინის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, საუბარია იმაზე, რომ გაზის ნაწილი უნდა გავიდეს უკრაინის ტერიტორიაზე, შესაბამისად უკრაინის ტრანზიტი რჩება მნიშვნელოვნად. გასათვალისწინებელია საკითხის პოლიტიკური კომპონენტი“ - განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე 9 აპრილს ესაუბრა. უფრო ადრე კი უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა ბერლინს გაზის ტრანზიტით მიღება. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიიდან გაზის მიღება უფრო იაფი დაჯდება და გაზსადენის მოდერნიზებაც მეტად სარფიანი და მარტივი იქნება.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა იგეგმება არსებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის გასწვრივ.
კოკა კვირკველია