რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“ საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის

რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“, რომელსაც „НТВ-плюс“-ის ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. რუსულმა ტელემაუწყებელმა საქართველოში ლიცენზია უკვე მიიღო, წლის ბოლომდე კი კომპანია 30 ათასი აბონენტის მოზიდვას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.

„გაზპრომ-მედიას“ უკვე აქვს თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ქართულ კომპანია „მედია ჯგუფთან“, რომელიც ჰოლდინგის 20-ზე მეტი ტელეარხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. საზღვარგარეთ ჩვენს მედიაკონტენტზე არსებული დიდი მოთხოვნა ამ პარტნიორობის პოტენციალზე მიუთითებს“, - განაცხადა „გაზპრომ-მედიას“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჩერნიშენკომ.

კომპანია „მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორის დავით ნაკაშიძის განცხადებით, „НТВ-плюс“-ი ძლიერი და ცნობილი ბრენდია, რომელიც ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს აწარმოებს.

„საქართველოში რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნა არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოში აბონენტებს დააინტერესებს“, - განაცხადა დავით ნაკაშიძემ.