თბილისში, ზაფხულის ბოლომდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „ვირტუალური მუზეუმი“ გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ექსკლუზიურად სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, კულტურული სტატუსის მქონე ძეგლებზე ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ვირტუალური სივრცე შეიქმნება, სადაც მულტიმედიური სათვალით ძეგლებისა და მათი რეაბილიტაციის პროცესების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
„თბილისში მულტიმედიურ სივრცეს ვაკეთებთ, სადაც რამდენიმე ძეგლის ვირტუალურად ნახვის შესაძლებლობა გაჩნდება. ვირტუალური მუზეუმი გათვლილი იქნება, როგორც ტურისტებზე, ასევე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე, რომლებიც ადგილზე სპეციალური მულტიმედიური სათვალის საშუალებით კულტურული ძეგლებისა და მათზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს დაათვალიერებენ. მუზეუმი ზაფხულის ბოლომდე გაიხსნება“, - აცხადებს ანთიძე.
მისი თქმით, ვირტუალური მუზეუმის სიაში თავდაპირველად 10 კულტურული მნიშვნელობის ძეგლი მოხვდება.
„ამჟამად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ვადგენთ ძეგლების სიას. მასში თავდაპირველად 10-მდე დასახელების ძეგლი მოხვდება, მათ შორის, მცხეთა, ვარძია, მუცო, უფლისციხე. სამომავლოდ მათი რიცხვი გაიზრდება. არსებობს კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულებას დავდებთ და მუზეუმს ისინი მოემსახურებიან. ბიუჯეტი დათვლის პროცესშია და რა თანხები დაიხარჯება მუზეუმის მოწყობაში, ამ ეტაპზე უცნობია“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ანთიძე.
მისივე ინფორმაციით, მუზეუმში შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი: „ზუსტი საფასურის დასახლება ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ვიტყვი, რომ ვირტუალურ მუზეუმში შესვლა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.“
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მუზეუმ-ნაკრძალებში ტურისტების ნაკადი 30%-ით არის გაზრდილი.
„სააგენტო მუდმივად მუშაობს, რომ ტურისტულ ნაკადებს ადგილებზე ადეკვატური მომსახურება დახვდეთ და ძეგლები სრულფასოვნად იყოს დატვირთული. სწორედ ამ მიზნით, წლის დასაწყისში უფლისციხეში დავამონტაჟეთ მულტიმედიური ტური, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა ძეგლის დათვალიერება ვირტუალურად შეძლონ. მსოფლიოში ძეგლის დათვალიერების მსგავს მეთოდს ანალოგი არ აქვს. ვაპირებთ, რომ მსგავსი თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს ყველა მუზეუმში დავნერგოთ. კულტურული მნიშვნელობის ძეგლებზე ტურისტების მხრიდან ინტერესი მუდმივად უნდა იყოს გაღვივებული. ამ ეტაპზე ჩვენს მუზეუმ-ნაკრძალებში ტურისტთა ნაკადის 30%იანი ზრდა შეინიშნება“, - აღნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.
თეონა კენჭიაშვილი