„სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია"

კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია, რადგან კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საინფორმაციო სააგენტო Walla-ს განუცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ისრაელში ვიზიტისას ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო Walla-მ თბილისის მერ კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. სხვა საკითხებთან ერთად, სააგენტოს ჟურნალისტი თბილისში არსებული პარკირების პრობლემითა და კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის თემით დაინტერესდა.

„ბოლო წლებში თბილისში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად, პარკირების პრობლემაც თვალსაჩინოა. კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად კანონიერია, რადგან კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევდა. თავად კომპანიის ხელმძღვანელებიც საუბრობენ, რამდენად პოპულარული ნაბიჯია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, რითაც ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ მოსახლეობაში მათი საქმიანობის მიმართ დიდი უკმაყოფილება იყო. თუმცა, ხელშეკრულების გაწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს საკითხის პოპულარობასთან, ჩვენ საკითხს ვუდგებით სამართლებრივი კუთხით.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი კარი ღიაა და მივესალმებით კეთილსინდისიერ ინვესტორებს. ამასთან, არსებობს კანონი და ყველა ინვესტორი ვალდებულია, მას დაექვემდებაროს და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტთან საუბრისას.