არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისა და დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაჰპირდა.
კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრზე საუბარი წარიმართა ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის ქართული ღვინის შეთავაზების შესაძლებლობაზე. „საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვევა, რათა შემდგომში გადაწყვეტილებების მიღება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ იქნას მიღებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დაჩქარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის კეთილი ნება, ისევე როგორც გადაწყვეტილებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ.
„მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი კომპანიების სტუმრობა, როგორიცაა საემიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „EMAAR”, რომელიც საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, ყურადღება იქნება გამახვილებული როგორც საქართველოს ცენტრალურ ქალაქებისა, ასევე საზღვაო კურორტების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს მთის კურორტების განვითარების საკითხი.