საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ოპერატორის, DP World-ის წარმომადგენლები ეწვევიან , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში მონაწილეობდა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შესწავლილი იქნება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ გასწვრივ საქართველოს როლის გაძლიერებისა და აღნიშნულ პროცესში DP World -ის მონაწილეობის საკითხი, მათ შორის, ანაკლიის პორტის მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისა და დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაჰპირდა.
კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან.