უკვე წლებია გვესმის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. ამის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამუშაო ნაშრომშიც არის საუბარი. ნაშრომი ორ ცნობილ მკვლევარს - ლეანდრო მედინასა და ფრიდრიხ შნაიდერს ეკუთვნის და 1991-2015 წლებში, მსოფლიოს 158 ქვეყანაში, ჩრდილოვანი ეკონომიკის დონეს ასახავს. თუ ამ ნაშრომს დავეყრდნობით, 1991 წლიდან 2015 წლამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე ზიმბაბვეში, ბოლივიასა და საქართველოში ყოფილა, დღეს კი, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო მაჩვენებელი 64.9%-ია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ მონაცემებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ: „აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს ავტორთა ინდივიდუალურ შეფასებებს და არ ასახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ პოზიციას... ჩრდილოვანი ეკონომიკა ქართული ეკონომიკის გამოწვევად საერთოდ არ განიხილება” – აცხადებენ უწყებაში.
ევროპელ მკვლევართა კვლევას ქართველი სპეციალისტებიც ეჭვქვეშ აყენებენ. „ბიდიოს“ მმართველი პარტნიორი - ზურაბ ლალაზაშვილი ამ მონაცემებს არარეალურს უწოდებს:
„მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე საქართველოში 64,9 % იყოს. ამის მიზეზი მარტივია:
მსხვილ კომპანიებში გადასახადებისგან თავის არიდების სქემები ძალზე მწირია, რადგან მათი შემოსავალი და გასავალი ოფიციალურ დონეზე ფიქსირდება. მე ძალიან ბევრ კომპანიასთან მაქვს შეხება, ვთანამშრომლობ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და კარგად ვიცი, რომ ეს კომპანიები გადასახადებს ყოველთვის იხდიან. ასეთ რისკზე შეიძლება წავიდნენ პატარა მაღაზიაში, შესაძლოა, ვიღაც არალეგალურად მუშაობდეს, ან ბინა ჰქონდეს გაქირავებული და სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიდეს, მაგრამ მასობრივად გადასახადებისთვის თავის არიდება ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს მსხვილი ბიზნესი ქმნის, დანარჩენს კი - მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აცხადებს ლალაზაშვილი.მისივე თქმით, შეიძლება ადამიანმა უამრავი რამ მოიფიქროს, მაგრამ გადასახადებისგან თავის არიდების ორი მთავარი გზა არსებობს: მეწარმემ თავისი რეალური შემოსავალი არ გაამხილოს, ან - ხარჯები დაუმალოს სახელმწიფოს. თუ რეგიონში რომელიღაც მაღაზია ჩეკს არ არტყამს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მსხვილ სუპერმაკეტებში მსგავს რისკზე წასვლა არავის უღირს, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში ბიზნესის ადმინისტრირება მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან გამკაცრდა.
„ბიდიოს“ მმართველი პარტნიორის თქმით, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა წილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩრდილოვან ეკონომიკას.
ამ მოსაზრებას „საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - თამაზ ვაშაკიძეც ეთანხმება:
„ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის განსაზღვრას სერიოზული ანგარიში და ზუსტი სტატისტიკური მონაცემები სჭირდება, ამიტომ, რეალური მონაცემები არავინ იცის. საკითხავია, უცხოელმა სპეციალისტებმა, რა მეთოდით დაიანგარიშეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოში და საიდან დაადგინეს ეს ციფრი - 64,9 %? მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ 2001 წელს, იმავე ფრიდრიხ შნაიდერის მტკიცებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე ჩვენს ეკონომიკაში 64% იყო, მერე შნაიდერი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა თბილისში და 2006 წელს უკიდურესად შემცირებული ციფრი - 29% დაასახელა. სხვათა შორის, მაშინაც არავინ იცოდა, საიდან და როგორ დაადგინა ბატონმა შნაიდერმა ეს ციფრი“, - აცხადებს ვაშაკიძე.
თამაზ ვაშაკიძის შეფასებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები ეკონომიკის საერთო მდგომარეობით არის განპირობებული: „ამის დასამტკიცებლად ერთ მაგალითს მოვიშველიებ:
ადრე ბინის გამქირავებელს საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით უნდა გადაეხადა, რასაც ყველა თავს არიდებდა, როგორც კი გადასახადი შემცირდა და სახელმწიფომ 5% დააწესა, თავის შემოსავალს თითქმის აღარავინ მალავს. ჩემი აზრით, გადასახადების დამალვის ალბათობა მცირე ბიზნესში უფრო მეტია. დადგენილია - იქ, სადაც გადასახადები შემოსავლის 50%-ს აჭარბებს, მეწარმე თავისი რეალური მონაცემების დამალვას იწყებს, ჩვენს ქვეყანაში კი ისეთი სიტუაციაა, რომ თუ გადასახადები მეწარმის შემოსავლის 25%-ს აჭარბებს, ის უკვე იძულებულია თავისი შემოსავალიც დამალოს და ხარჯებიც. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ მცირე მეწარმეობა საქართველოში განუვითარებელია. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე ჩვენთან 64,9%-ზე მეტიც იყოს, თუმცა ზუსტი ციფრი არავინ იცის.წლების წინ ეკონომიკის სამინისტროში ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო არსებობდა, რომელიც ამ პრობლემას სწავლობდა, ახლა კი, ამ მიმართულებით თითქმის არავინ მუშაობს და მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების იმედად ვრჩებით. რამდენად რეალურია მათი მონაცემები? - ამ შეკითხვაზე პასუხი არც მე მაქვს და ვფიქრობ, არც სხვებს“- აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე