რა თანხა იხარჯება აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობაზე

2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ 16,935,074.81 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (idfi) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამედიცინო მომსახურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა 6,188-მა პაციენტმა მიიღო. კერძოდ, 2017 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდის მონაცემებით, სამედიცინო მომსახურება მიიღო 978 აფხაზმა და 469 ოსმა პაციენტმა; 2014 წელს - 426-აფხაზმა და 515-ოსმა; 2015 წელს - 875 აფხაზმა და 702 -ოსმა პაციენტმა; 2016 წელს კი -1 316 აფხაზმა და 964 ოსმა პაციენტმა.

ამასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ idfi-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი -3,595, ვიდრე ოსი - 2,650. შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ხოლო ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ყოველწლიურად იზრდებოდა. კერძოდ, 2014 წელს - აფხაზ პაციენტებზე - 1.5 მლნ ლარი; ოსებზე - 1.7 მლნ ლარი; 2015 წლის მონაცემებით აფხაზებზე - 2.3 მლნ; ხოლო ოსებზე - 2.2 მლნ ლარი გამოიყო; 2016 წელს აფხაზ პაციენტებზე 3.2 მლნ იყო გამოყოფილი; ოსებზე კი - 2.6 მლნ. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, 8 ნოემბრამდე აფხაზ პაციენტებზე 2.7 მლნ ლარი; ხოლო ოსებზე 1.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

ამასთან, idfi-ს ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

bpn