ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე 62 მლნ ლარამდე დაიხარჯება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება.

კომპლექსი მოიცავს სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვების, აგრეთვე, კრივის, ტაეკვონდოს, ჭადრაკისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს. პროექტის ღირებულება 62 მლნ ლარს აღწევს.

ბათუმში აღნიშნული კომპლექსის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „სენსონს“ შორის 2017 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ გაიმარჯვა.

როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში აღნიშნავს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელიც ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის სპორტკომპლექსის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიდის.

„ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიწის სამუშაოები დამთავრდა და ახლა საძირკვლის მოწყობის სამუშაოები იწყება“, - განაცხადა სულხან ხალვაშმა.

მშენებლობაზე ამ ეტაპზე 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა, სამუშაოების სპეციფიკის ცვლილებებსა და მასშტაბების ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება.

პროექტში გათვალისწინებულია ძირითადი სპორტული დარბაზი, 3406-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნით. კომპლექსი მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე (ითვალისწინებენ რა როგორც შშმპ მაყურებელთა, ისე სპორტსმენთა ინდივიდუალურ, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს). მოეწყობა პანდუსები, შშმპ საპირფარეშოები, ლიფტები, სამაყურებლო ადგილები, პარკირების ადგილები და გასახდელები. ყველა დერეფანი და საევაკუაციო გასასვლელი დაპროექტებულია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით.

სულხან ხალვაშის განცხადებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. „ამ სპორტკომპლექსის მშენებლობა ბათუმისთვის და, ზოგადად, აჭარის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებისთვის. პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, მშენებლობაც საკმაოდ მასშტაბურია“, – აღნიშნა ხალვაშმა.

სპორტკომპლექსისთვის გამოყოფილი ტერიტორია განაშენიანებისგან თავისუფალ ადგილზე მდებარეობს, ტერიტორიას აქვს უმნიშვნელო დაქანება ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ და ნიშნულები 4.7 მ-დან 7.4 მ-ს ფარგლებში მერყეობს.

სპორტული კომპლექსი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი ამბობს, შენობის ფასადი არ დაამახინჯებს ბათუმის ლანდშაფტსა და ქალაქის იერსახეს.

„რამდენად ჩაჯდება ახალი შენობა ბათუმის ლანდშაფტში და რამდენად მოუხდება ქალაქის იერსახეს, ეს არის გემოვნების საკითხი. ამ პროექტის შემუშავებისას ყველაფერი გათვალისწინებული იყო. მიმაჩნია, რომ ეს შენობა ძალიან ლამაზი იქნება და კიდევ უფრო გაალამაზებს ბათუმს“, – ამბობს სულხან ხალვაში.

პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსის ძირითადი შენობის ოთხივე მხარის ფასადები ვიტრაჟული მინებითა და კომპოზიტური პანელებით მოპირკეთდება. შენობის მზიდ კონსტრუქციებად (კოლონები) გამოყენებული იქნება რკინაბეტონის მონოლითური კოლები, რომლებზეც ეყრდნობა 70 მ მალის მქონე ლითონის ფერმა. შენობის გადახურვის ფორმა მაქსიმალურად შეამცირებს შენობაზე თოვლის დატვირთვას (რაც ხელსაყრელია ბათუმის უხვნალექიანობის პირობებში), სახურავის გაბარიტებისა და ფორმის გამო უსარგებლო გახდება რაიმე სტანდარტული გადახურვის წყალარინების სისტემა. გადახურვაზე დადინებული ნალექი თავისუფალი პრინციპით მოახდენს გადმოდინებას (გადახურვისთვის გამოიყენება თუთია-ტიტანის საფარით დათბუნებული მასალა). გარე კედლების შემავსებლად გამოყენებული იქნება ღრუტანიანი ბეტონის საკედლე ბლოკები (ევრობლოკის ტიპის) სისქით 300 მმ, ხოლო შიდა კედლებსა და ტიხრებზე 200 მმ და 100 მმ ბლოკები. გარე დათბუნების მასალად გამოიყენება მინერალური ქვაბამბა. სამუშაოების ყოველი კონკრეტული ეტაპის დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას ახდენს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, ან სხვა აკრედიტებული პირი.

შპს „სტადიონის“ დირექტორის თქმით, ასეთი მასშტაბური სპორტული კომპლექსი არაერთი ფაქტორითაა მნიშვნელოვანი.

„აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური სპორტული კომპლექსი განავითარებს სპორტულ ტურიზმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება სპორტკომპლექსთან. აქ იქნება სასპორტო შეკრებები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ სავარჯიშოდ, შეიძლება გაიმართოს სპორტული ტურნე და ა.შ. ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, რადგან ძალიან კარგი პირობები ექნებათ სპორტსმენებს სავარჯიშოდ“, – აცხადებს სულხან ხალვაში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, თანამედროვე არქიტექტურისა და ევროსტანდარტების შესაბამისი ასეთი მასშტაბური დარბაზი პირველად შენდება საქართველოში. გარდა ძირითადი ფუნქციური დარბაზებისა, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტები, საუნა. ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია საქვაბე და ქვესადგური.

შენობაში გათვალისწინებულია ფართობები ტელეკამერებისა და VIP-ისთვის, სანკვანძები სპორტსმენებისა და მაყურებლებისთვის, გასახდელები (პროფესიონალი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და დამწყები სპორტსმენებისთვის), ტექნიკური სათავსები, საწყობები ინვენტარისთვის, სპორტული ინვენტარის სადემონსტრაციო ფართები, დაცვისა და უსაფრთხოების ოთახები.

კომპანია „საბა კონსტრაქშენში“ აცხადებენ, რომ მკაცრად იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობის მონიტორინგი და ტექნიკური ზედამხედველობა. „ჩვენ უმკაცრესად ვიცავთ შრომის უსაფრთხოების წესებს. სამუშაოს დაწყებამდე, ყოველდღიურ რეჟიმში ვატრენინგებთ პერსონალს კონკრეტული სამუშაოების მიხედვით. ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში კი უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი, იცავენ თუ არა ტრენინგზე მიღებულ ინსტრუქტაჟს პროექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეები. ობიექტი მკაცრად გვაქვს დაცული და უსაფრთხოების მიზნით, სამშენებლო ტერიტორიაზე უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ. სიმაღლეზე და სპეცტექნიკასთან სამუშაოდ აღჭურვილი ვართ ყველა საჭირო დამცავი საშუალებით“, – განაცხადა „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელმა ლევან თარგამაძემ.

სამშენებლო კომპანია ასზე მეტ სატვირთო მანქანასა და სპეცტექნიკას ფლობს, რომლებითაც ურთულესი სამშენებლო სამუშაოების წარმოებაა შესაძლებელი. კომპანია, ბათუმის სპორტული კომპლექსის გარდა, საქართველოს მასშტაბით სხვა სამშენებლო პროექტებსაც ახორციელებს და დაარსებიდან დღემდე ათობით მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი აქვს შესრულებული.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, პროექტის მიხედვით, 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.