მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ბათუმის მერია განახორციელებს, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს ბათუმის მერმა გამართა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ მიმდინარე წლის აპრილში კანონში შესული ცვლილებები ქალაქში მოქმედი კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებს გააცნო. შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, გარემოს დაცვის ინსპექციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, ხმაურის მონიტორინგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება, რის მიხედვითაც თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ ულებამოსილება, ადგილზე შეადგინონ საჯარიმო ქვითარი შემდეგი დარღვევების შემთხვევაში - დღის, ან ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება; ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება.
შესაბამისად, პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ბაზებსა და აღჭურვილობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს გადასცემს. დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
,,დღევანდელი შეხვედრის მიზანს მხარეებთან ერთად შუალედური გამოსავლის პოვნა წარმოადგენდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს გაესვა ხაზი. განსაკუთრებით კი, იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ნებისმიერი ტურისტული ობიექტი ატარებს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების წინაშე. მუნიციპალიტეტი მზად არის 1-ლი ივლისიდან შეუდგეს აღნიშნული ფუნქციების შესრულებას. 1-ლი მაისიდან მუშაობას დაიწყებს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“, სადაც სპეციალური ჯგუფი განახორციელებს მონიტორინგს ხმაურსა და მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევებზე. მუნიციპალიტეტი პროცესებს მომზადებული შეხვდება, როგორც ტექნიკით, ასევე ადამიანური რესურსით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, დავიცვათ დადგენილი ნორმები იმისათვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას მოსახლეობას. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ ტურისტულ ობიექტებთან, რათა სწორად ავუხსნათ, თუ რა არის კანონით დასაშვები“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.