გასული წლის ბოლოს „კრედიტ ინფო საქართველოს“ საკრედიტო ბაზაში ონლაინ გამსესხებლების მხრიდან 5 მილიონი ჩანაწერი იყო ატვირთული.
ამის შესახებ, „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ლაშა ბაღათურიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შედეგად, ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ამის მიუხედავად „კრედიტ ინფოში“ 2016 წელთან შედარებით, ონლაინ-სესხის ხელშეკრულებები 1 მილიონით არის გაზრდილი.
„ჩვენს საკრედიტო ბაზაში ონლაინ გამსესხებლების მხრიდან 2015 წელს - 2 მილიონი სასესხო კონტრაქტი, 2016 წელს - 4 მილიონი, ხოლო 2017 წლის ბოლოს 5 მილიონი სასესხო ჩანაწერი ფიქსირდებოდა. 2016 წელთან შედარებით, გასულ წელს ჩანაწერების 1 მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ადასტურებს, რომ ამ ტიპის სესხები მაინც გაიცემა და მათზე მოთხოვნა არ მცირდება. აღსანიშნავია, რომ როდესაც ონლაინ-სესხზე ვსაუბრობთ, იგულისხმება 1 თვიანი, 7 დღიანი და ა.შ. სესხი, რომელთა გადარეფინანსირების შემთხვევაში ის ახალ ჩანაწერად, ახალ სესხად ითვლება. ამიტომ შეიძლება რომ კლიენტების, ონლაინ-მსესხებლების რაოდენობა არა 5 მილიონი, არამედ პირობითად, მილიონი ან მილიონ-ნახევარი იყოს,“-აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემების 72%-ს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები შეადგენს, 22%-ი კი - ინტერნეტ გამსესხებლებზე მოდის.
ამასთან, ბაღათურიამ, ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მათი რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, განახევრებულია.
„2016 წელს ჩვენ სერვისს 46 ონლაინ-სესხის გამცემი ორგანიზაცია იყენებდა; 2017 წლის ბოლოს 26, დღეის მდგომარეობით კი ჩვენთან 22 ონლაინ სესხის გამცემი კომპანია თანამშრომლობს. რაც შეეხება კომპანიათა შემცირების მიზეზებს, ნაწილმა რეგულაციების გამო დატოვა ბაზარი, ნაწილი სხვა კომპანიასთან შეერთდა და ა.შ.,“-აცხადებს ბაღათურია.
ონლაინ-სესხების გაცემის მიმართულებით რეგულაციები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.
გარდა 100%-იანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15%-ის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.