სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, დიდ ლილოში რეზინის და პლასტიკის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც ამორტიზებული საბურავებისა და რეზინის ნარჩენების გადამუშავება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების დაცვით, უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „პკლ ეკო სოლუშენსს“ დიდ ლილოში მდებარე 15188.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა. კომპანია წელიწადში არანაკლებ 20 000 მ3 ნავთობპროდუქტების წარმოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.