სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის ინიციატივა ძალიან სწორი და დროულია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ განუცხადა.
ექსპერტი გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან სწორი აქცენტები გაკეთდა.
“ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო და სწორი აქცენტები გაკეთდა ფინანსთა მინისტრის მხრიდან. საბანკო სექტორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების სამსახურში და არ უნდა ამუხრუჭებდეს მას. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ასეც უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს კომერციული ბანკები და საქართველოს საბანკო სისტემა მომგებიანობით არის პირველ ადგილას ევრაზიის კონტინენტზე სახელმწიფოთა შორის და ამ დროს მკვეთრად არის გაზრდილი ფიზიკური პირების დავალიანება კერძო ბანკების მიმართ. ამავე დროს, მიზერულად არის განვითარებული კერძო ბიზნესი, რომელმაც უნდა განავითაროს ეკონომიკა. ჭარბვალიანობის ზრდაზე ორიენტირებული სისტემა უნდა შეიცვალოს და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ სისტემად უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა შეიქმნას პროცესი, როცა დანაზოგები გარდაიქმნება არა ჭარბვალიანობად, არამედ კრედიტად ბიზნესის განვითარების სამსახურში. სწორედ ამიტომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით არის ძალიან დროული, სწორი და ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზრდება მცირე და საშუალო მეწარმეობის დაკრედიტება საბანკო სექტორის მხრიდან. სახელმწიფოს აქტიური გვერდით დგომით ეს პრობლემა გადაწყვეტას დაიწყებს. ეს არის დარგის გაჯანსაღების მცდელობა და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს.
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია.
“საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, -აღნიშნა ბახტაძემ.