”მედიკამენტები არ გაძვირებულა”

"სახალხო აფთიაქის" გენერალური დირექტორის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, მედიკამენტები არ გაძვირებულა.

როგორც მორჩილაძემ განაცხადა, ბევრი მედიკამენტია, რომელზე ფასმაც დაიკლო. მისივე თქმით, ზოგადად, პროცესი არის დინამიური - ზოგჯერ შეიძლება გაძვირდეს, ზოგჯერ შეიძლება გაიაფდეს.

"ეს განცხადებები, რომელიც გუშინ გაკეთდა, ვერ ვიტყვი, რას ეფუძნება. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ როგორც გაიფებული, ისე გაძვირებული მედიკამენტების ფასი. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ გაძვირდა, არასწორია. უფრო ღრმა კვლევა უნდა გაკეთდეს. უამრავი მედიკამენტია, რომელზეც ფასი გაიაფებულია. ეს პროცესი არის დინამიური - ზოგჯერ შეიძლება გაძვირდეს, ზოგჯერ შეიძლება გაიაფდეს. რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის ფასის გაძვირების შემთხვევაში, რომ თქვა ყველა მედიკამენტი გაძვირდაო, არასწორია", - აღნიშნა მორჩილაძემ.

მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით, ბევრ მედიკამენტზე ფასი 15, 20 %-ით შემცირებულია და ბევრ ისეთ წამალზე, რომელიც ძვირი იყო, ფასი 60%-ით შემცირებულია. მორჩილაძის ინფორმაციით, ასევე შემცირებულია ფასი ონკოლოგიურ წამლებზეც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მედიკამენტების ფასი გაძვირდა. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 2012 წელთან შედარებით ფასი გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს.