ბიზნესის პოზიციიდან გამომდინარე, "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" პოზიტიურად ვაფასებ, - ამის შესახებ ბიზნეს ომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ბიზნესთან შეხვედრებზე ფიქსირდება, იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომაა.
“ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ფიქსირდება და ამას ჩვენი ბიზნესთან შეხვედრებიც აჩვენებს, რომ არის სწორედ იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომა, ანუ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კომპანიებს რიგი პროექტების დაწყებისას გააჩნდეს იაფი ფინანსური ან უფრო მეტად ხელმისაწვდომი რესურსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღნიშნული ინიციატივა, სწორედ ამ შესაძლებლობას აჩენს ბიზნეს კომპანიებისთვის, რაც მთლიანობაში რა თქმა უნდა კარგია. ზოგადად, ეს პროექტი მოიცავს, რა თქმა უნდა, საბანკო სექტორთან თანამშრომლობასაც, რადგანაც პროექტში სწორედ საბანკო სისტემის ჩართულობით უნდა მოხდეს ამ დამატებითი ფინანსური რესურსის ათვისება იმ კომპანიების მხრიდან, ვისაც ასეთი ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა გააჩნიათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯამში ეს ინიციატივა ბიზნესს და ზოგადად, საბანკო სექტორსაც პოზიტიურად შეეხება. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესაძლებლობებს. მე, როგორც ბიზნეს ომბუდსმენი, მთლიანობაში ბიზნესის პოზიციიდან გამომდინარე, ამ ინიციატივას ვაფასებ პოზიტიურად და ის მექანიზმი, რომელიც ჩადებულია ამ პროექტის განხორციელებაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნეს ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მხრიდან ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს იმ გამოწვევაზე პასუხს, რასაც დღეს ქართული ბიზნესი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, ეს არის უფრო მეტი წვდომა იაფ ფინანსურ რესურსზე და იქ, სადაც ბანკების მოქმედების არეალი არის შეზღუდული, აღნიშნული პროექტით მეტი რესურსი იქნება ხელმისაწვდომი.
“პროექტი ძალიან კარგად ავსებს იმ ნაწილს, სადაც სასტარტო ფინანსებზე წვდომის პრობლემა იგრძნობა. მგონია, რომ ჯამში საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა. ვფიქრობ, საბოლოო შედეგები მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენის თვალსაზრისით პოზიტიური იქნება“, - აღნიშნა ბიზნეს ომბუდსმენმა.
კითხვაზე, იცის თუ არა დეტალები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და რომელი უწყება განახორციელებს მას, ლექვინაძემ უპასუხა, რომ სავარაუდოდ ეს პროექტი საპარტნიორო ფონდის მეშვეობით განხორციელდება.
“ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია ამ მექანიზმთან დაკავშირებით, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია განხორციელდეს და სავარაუდოდ, ეს განხორციელდება საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, სადაც ხდება სახელმწიფოს ფინანსური რესურსის მობილიზება. პროექტით იგულისხმება ასევე საბანკო სექტორთან თანამშრომლობაც, ვინაიდან მათთან არესებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გულისხმობს იმ შეფასების უფრო მორგებას ბიზნესის ინტერესზე. მთლიანობაში პროექტი ბიზნესს და ქვეყნის ეკონომიკას პოზიტიურად ეხება“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას, რომლითაც საბაკო სექტორი გააკრიტიკა, ლექვინაძის თქმით, “ეს იყო მინისტრის შეფასება, რომელიც მისი მხრიდან გარკვეულ ანალიზს ეფუძნება“.
“გეტყვით, რომ ბანკებს გააჩნიათ თავისი როლი ზოგადად ბიზნესთან მიმართებაში, ფაქტი ერთია, რომ ბიზნესი განიცდის გარკვეულ დეფიციტს ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან მიმართებაში, ამიტომ სწორედ ამ პრობლემაზე პასუხი არის აღნიშნული რეფორმა“, - განაცხადა ბიზნეს ომბუდსმენმა.
საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია.
“საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, -აღნიშნა ბახტაძემ.