იანვარ-მარტში საქართველოში საწვავის იმპორტი 52,4 ათასი ტონით გაიზარდა

2018 წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი თებერვალთან შედარებით, 22 ათასი ტონით გაიზარდა და 96,7 ათასი ტონა შეადგინა.

კერძოდ, მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა 48 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 48,7 ათასი ტონა შეადგინა.

ამის შესახებ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ქვეყნების მიხედვით მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 29,4 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 30,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 21 ათასი ტონა (21,7%), თურქმენეთი - 19,2 ათასი ტონა (19,9%); აზერბაიჯანი - 12,3 ათასი ტონა (12,7%), ბულგარეთი - 9,7 ათასი ტონა (10,0%); საბერძნეთი - 5,1 ათასი ტონა (5,3%).

„საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,7 ათასი ტონა ანუ 70,2%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 13,9 ათასი ტონა ანუ 29%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 0,8%,“-აღნიშნულია ნავთობპროდუქტების კავშირის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 242,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52,4 ათასი ტონით მეტია.

კერძოდ, იანვარ-მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა 127,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 114,5 ათასი ტონა შეადგინა.

„საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 89,6 ათასი ტონა ანუ 70,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 36,2 ათასი ტონა ანუ 28,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 2,1 ათასი ტონა ანუ 1,6%.

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 84,4 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 34,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 58 ათასი ტონა (23,9%), თურქმენეთი - 39,3 ათასი ტონა (16,2%); აზერბაიჯანი - 30,6 ათასი ტონა (12,6%), ბულგარეთი - 18,2 ათასი ტონა (7,5%); საბერძნეთი - 11,8 ათასი ტონა (4,9%).

შედარებისთვის, 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 46,5 ათასი ტონა ასევე რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 44,1 ათასი ტონა (23,2%), ბულგარეთი - 40,2 ათასი ტონა (21,1%); თურქმენეთი - 25,2 ათასი ტონა (13,2%) და სხვა,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის შედეგების მიხედვით, ჰიბრიდული ტიპისა და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება ბოლო წლების კვალდაკვალ კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვნადაა განვითარებული ბენზინის ალტერნატივა - ბუნებრივი აირის (CNG) ქსელი. ასევე შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც იზრდება ავტომობილებში თხევადი აირის (LPG) გამოყენებაც.