ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიყიდოთ. ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, - ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ჭონ შანის თქმით, ჩინეთი დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, რათა მათ უკეთ შეძლონ, საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა.
„ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, რათა ჩინურ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს,“ - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში, აგრეთვე შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წევრებთან.