დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს შანხაის იმპორტის გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს ჭუნ შანს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა და ჩინეთის კომერციის მინისტრს შორის ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის ჩასატარებლად.