იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის გართულებული,
- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორი, ამ სექტორის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილები მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სექტორებშიც იყოს სწრაფი ზრდა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროექტები, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის გართულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთი თამაშის წესებს, ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას - ეს არის სიღარიბის დამარცხება. სიღარიბის დამარცხება გადის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე და მათ წახალისებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ", - განაცხადა ბახტაძემ.