მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება: დამამი-თბილისი-დამამი - 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი); ჯედა-თბილისი-ჯედა - 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა); რიადი-თბილისი-რიადი - 3 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა).
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Flynas-ს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა. Flynas 2007 წელს, დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. Skytrax-ის 2017 წლის მონაცემებით, Flynas შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დასახელდა,“-აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.